სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უწყებრივი მედლები

თარიღი: 2014-09-02 12:58:00

ავტორი: ირაკლი ჭიჭინაძე

ნახვა: 32767





/სამკერდე ნიშანი "სახელმწიფო დაცვის დამსახურებული თანამშრომელი"/
   სამსახურებრივი სამკერდე ნიშნით – "სახელმწიფო დაცვის დამსახურებული თანამშრომელი" ჯილდოვდებიან თანამშრომლები, რომლებსაც აქვთ სამსახურში არანაკლებ 5 (ხუთი) წლის საერთო ნამსახურობა, სარგებლობენ დადებითი ავტორიტეტით და სამსახურებრივი რეპუტაციით, მნიშვნელოვანი ფიზიკური და ინტელექტუალური წვლილი აქვთ შეტანილი სამსახურის საქმიანობის სრულყოფასა და განვითარებაში. ნამსახურობის მიუხედავად, სამსახურებრივი სამკერდე ნიშანი შეიძლება გადაეცეს თანამშრომელს გმირული, თავდადებული მოქმედებისათვის, აგრეთვე თანამშრომელს, რომელიც სახელოვნად და ღირსეულად წარმოაჩენს სამსახურს. სამსახურებრივი სამკერდე ნიშანი შეიძლება გადაეცეს ამ პუნქტით განსაზღვრული ნამსახურობის მქონე ღვაწლმოსილ თანამშრომელს სამსახურიდან დათხოვნისას (გარდა დისციპლინური წესით განთავისუფლებისა). სამსახურებრივი სამკერდე ნიშნით ჯილდოვდებიან სამსახურის უფროსის ბრძანებით.
   მედლის აღწერილობა
   - სამსახურებრივი სამკერდე ნიშანი – "სახელმწიფო დაცვის დამსახურებული თანამშრომელი" წარმოადგენს წრიული ფორმის რელიეფურ ნიშანს, შესრულებულს ოქროსფერი ლითონის მონეტისაგან. ნიშნის დიამეტრია 30 მმ. სისქე – 3 მმ.
   - სამკერდე ნიშნის ზედა ნაწილს წარმოადგენს ლურჯი ფერის ოთხკუთხა ბაფთა, რომლის სიგანეა 30 მმ. მისი საერთო სიმაღლეა 36 მმ, საიდანაც 6 მმ-ს ავსებს 35 მმ-ის სიგანის მქონე ორი ოქროსფერი კანტი (თითოეულის სიმაღლე 3 მმ; ერთი ბაფთის ქვედა, მეორე ბაფთის ზედა მხარეს).
   - სამკერდე ნიშნის ლითონისაგან დამზადებული ნაწილის წინა მხარეზე, ლურჯ ფონზე (მომინანქრებული) და შესაბამის ფერებში (არწივი ოქროსფერი, ნორმანული ხუთჯვრიანი ფარი მუქი წითელი) ამოტვიფრულია საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ემბლემა. ემბლემის გარშემო, წრიულად 3 მმ-ის სიმაღლის ზოლზე არის წარწერა "საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური". ნიშნის უკანა მხარეს, შუა ნაწილში ჰორიზონტალურად არის წარწერა "სახელმწიფო დაცვის დამსახურებული თანამშრომელი", იმავე ზომის ასოებით, რომლითაც შესრულებულია წრიული წარწერა სამსახურის ემბლემის გარშემო – აგრეთვე სამკერდე ნიშნის ნომერი.
   - სამკერდე ნიშნის ორივე ნაწილი დაკავშირებულია ოქროსფერი ლითონის მოძრავი ნაწილით.
/სამკერდე ნიშანი "უმწიკვლო სამსახურისთვის"/
   სამკერდე ნიშანი "უმწიკვლო სამსახურისთვის" გადაეცემა ღვაწლმოსილ თანამშრომელს, რომელიც ხასიათდება დადებითად და წარმატებით ასრულებს სამსახურებრივ მოვალეობებს. "უმწიკვლო სამსახურისთვის" სამკერდე ნიშნით დაჯილდოებისას მხედველობაში მიიღება თანამშრომლის წელთა ნამსახურობა დაჯილდოების დღისათვის, კერძოდ:
   - 10-დან 15 წლამდე ნამსახურობისთვის გაიცემა III ხარისხის სამკერდე ნიშანი;
   - 15-დან 20 წლამდე ნამსახურობისთვის გაიცემა II ხარისხის სამკერდე ნიშანი;
   - 20 და მეტი წლის ნამსახურობისთვის გაიცემა I ხარისხის სამკერდე ნიშანი.
   სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, "უმწიკვლო სამსახურისთვის" სამკერდე ნიშნით, ნამსახურები წლების მიუხედავად, შეიძლება დაჯილდოვდნენ ის თანამშრომლებიც, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს სამსახურის წინაშე მდგარი ამოცანების ეფექტიანად გადაწყვეტაში, რამაც განაპირობა სამსახურის წარმატება და პოპულარიზაცია.
   მედლის აღწერილობა
   - ავერსი - სამკერდე ნიშანი "უმწიკვლო სამსახურისათვის" წარმოადგენს მრგვალ ოქროსფერ ჰერალდიკურ ფარს, რომელზეც განთავსებულია ვერცხლისფერი მეტალის ბოლნური ჯვარი, რომლის ცენტრალურ ნაწილში განთავსებულია ოქროსფერ რკალშემოვლებული ჰერალდიკური ფარი, რომლის შავ ველზე წრიულად, ოქროსფერი ასოებით გამოსახულია წარწერა "საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური SPECIAL STATE PROTECTION SERICE OF GEORGIA". ქართულ და ინგლისურ წარწერებს შორის გამოსახულია ოქროსფერ წრეში ჩასმული ჯვარი. ფარის ცენტრალურ ნაწილში ლაჟვარდის ველზე გამოსახულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის გერბის ცენტრალური კომპოზიცია – ოქროს არწივი რომელსაც კლანჭებით უპყრია ოქროს ხმალი. არწივის მკერდზე გამოსაზულია მეწამული ფარი, რომელზეც გამოსახულია ერთი დიდი და ოთხი მცირე ოთხქიმიანი ვარსკვლავი. ჰერალდიკური ფარის ზემოთ ბოლნურ ჯვარზე განთავსებულია ოქროსფერი მეტალის ბაფთა, რომლის ოქროსფერ ველზე ლურჯი ასოებით შესრულებულია ხარისხის აღმნიშვნელი წარწერა, ხოლო ჰერალდიკური ფარის ქვემოდან ბოლნურ ჯვარზე განთავსებულია ოქროსფერი ბაფთა, რომლის ოფროსფერ ველზე ლურჯი ასოებით შესრულებულია წარწერა "უმწიკვლო სამსახურისთვის".
   - რევერსი - სამკერდე ნიშნის უკანა მხარეს წრიულად ოქროსფერი ასოებით გაკეთებულია წარწერა "საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური SPECIAL STATE PROTECTION SERICE OF GEORGIA". ქართულ და ინგლისურ წარწერებს შორის გამოსახულია ოქროსფერ წრეში ჩასმული ჯვარი. სამკერდე ნიშნის უკანა გვერდის ცენტრალურ ნაწილში გამოსახულია ერთიანი საქართველოს რუკა, რომელსაც ფონად აქვს საქართველოს სახელმწიფო დროშა.


შეაფასეთ: 1 2 3 4 5

ზემოთ

წყარო: www.ssps.gov.ge, საკანონმდებლო მაცნე