I. იბერიის სახელმწიფო - ახ.წ.აღ.-დან I-II საუკუნეები
სამხედრო შეიარაღება ძირითადად სახალხო ლაშქრის სახით ფორმირდებოდა. ყველა თავისუფალი მოქალაქე
თავისივე საჭურველით მონაწილეობდა სახალხო ლაშქარში და მასში მონაწილეობა ერთ-ერთი უმთავრესი
მოვალეობა იყო ყველა სრულწლოვანი მოქალაქისთვის. გარდა ამისა, არსებობდა ასევე მუდმივი სამეფო ლაშქარიც, რომელშიაც ნაწილობრივ დაქირავებული
მებრძოლებიც შედიოდნენ (მათ შორის ალანებიც). ჯარის ხელმძღვანელ პოსტებზე მაღალი არისტოკრატიისა თუ სამეფო გვარის წარმომადგენლები ინიშნებოდნენ.
მათ ეძლეოდათ გარკვეული ჯამაგირი და მამული.
სპასპეტი
სპასპეტი იბერიის სახელმწიფოში მეფის
შემდგომ მეორე პირს ეწოდებოდა. იგი არის მთავარსარდალი და ქართლის ცენტრალური ოლქის ანუ შიდა ქართლის მმართველი. ასევე ყველა ერისთავის უფროსი.
მისი რეზიდენცია არმაზციხე იყო. სპასპეტი ჩვეულებრივად მეფის უახლოესი ნათესავი იყო.
ათასისთავი
როგორც ავღიშნეთ, სპასპეტს ემორჩილებოდნენ ერსითავები, ერისთავებს ანუ პიტიახშებს კი - სპასალარები და ათასისთავები.
ამათგან, ათასისთავი სამხედრო მოხელეა. როგორც სახელწოდება გვიჩვენებს, იგი ომის დროს თუ საომარი მოქმედებების სამზადისისას ათასკაციან რაზმს ხელმძღვანელობდა.
სეფეწულები
სეფეწულები სამეფო წარმომავლობის ხალხია, რომლებიც ძირითადად სამხედრო სამსახურში არიან ჩაბმული, რისთვისაც
მეფისაგან ღებულობენ მიწას როგორც ხალხით დასახლებულს, ისე დაუსახლებელ სახნავ-სათეს მამულს.
II. გაერთიანებული ფეოდალური საქართველო - XI-XV საუკუნეები
ამირსპასალარი
ამირსპასალარი სამხედრო უწყების ხელმძღვანელია. დღევანდელი ტერმინოლოგიით - იგი სამხედრო მინისტრი იყო.
ტერმინი „ამირსპასალარი“ არაბული წარმოშობის სიტყვაა და ნიშნავს ჯარის წინამძღოლს. ამირსპასალარი პირველად ქართულ წყაროებში თამარის ისტორიკოსის თხზულებებში
იხსენიება. ივ. ჯავახიშვილის მოსაზრებით, სამხედრო საქმის მეთაურს საქართველოში XII საუკუნიდან ეწოდა ამირსპასალარი, როგორც ცნობილია, საქართველოს მეფე ომის
დროს უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჯარს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც მეფე ომში არ იღებდა მონაწილეობას, ჯარის მთავარსარდლობა ამირსპასალარს ევალებოდა.
ამირსპასალარს ემორჩილებოდა მთელი ჯარი, მას ევალებოდა ლაშქრობის გეგმის შედგენა. „ლაშქრობა და ლაშქრობის ვეზირობა ამირსპასალარის ხელთ არის, მას წინათ არავინ
იტყვის“ - აღნიშნულია „ხელმწიფის კარის გარიგებაში“. ვაზირობის დროს, თუ ომის საკითხი იხილებოდა, პირველ სიტყვას ამირსპასალარი ამბობდა.
ამირსპასალარს ქვემდებარე ჯარი შედგებოდა: 1)
სამეფო სპა, ანუ საქართველოს ცალკეული კუთხეებიდან გამოყვანილი მოლაშქრენი; 2)
ყივჩაღთა ჯარი; 3) კავკასიის მთიელთა და სხვა ყმადნაფიც ქვეყნებიდან „სამსახურში“ გამოყვანილი ჯარი; 4)
მონა-სპა, ანუ მეფის პირადი მცველი ჯარი (დავით აღმაშენებელს ასეთი ხუთი ათასი კაცი ჰყოლია).
ამირსპასალარს ექვემდებარებოდნენ შემდეგი მოხელეები: ამირახორი, მეაბჯრეთუხუცესი, ზარდახანის უხუცესი, აჩუხჩი, ამირჩქარი და
მერემეთუხუცესი.ამირსპასალარის უფლებებიდან ყურადღებას იპყრობს მისი უფლება, რომ უიმისოდ მეფე მიწას ვერ გასცემდა, ვერც დასახლებულსა და ვერც
დაუსახლებელს. ამირსპასალარის ეს უფლება ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მიწის ოდენობაზე იყო დამოკიდებული როგორც სახელმწიფოს, ისე ცალკეული საერისთავოებისა
თუ ერისთავების სიძლიერე. ის, რომ მიწა ამირსპასალარის ნებართვის გარეშე არ გაიცემოდა - ამ თანამდებობის მეტად ფართო უფლებამოსილებაზე მეტყველებს, რადგან
ფაქტობრივად მიწას უკავშირდებოდა ქვეყნის შემოსავალი და სიძლიერე. ივ. სურგულაძის აზრით, ამირსპასალარისთვის ეს უფლება მოგვიანებით - თამარის დროს უნდა
მიენიჭებინათ, როცა თამარის წინააღმდეგ აჯანყებულებმა გარკვეულად შეზღუდეს მეფის ხელისუფლება.
ამირსპასალარი სამთა ვაზირთა ჯგუფში შედის. იგი ათაბაგის შემდეგ მოიხსენიება.
ამირახორი
ამირახორი - ამირსპასალარის მოადგილე იყო, იგი ვაზირებს (მეჭურჭლეთუხუცესსა და მსახურთუხუცესს) უტოლდებოდა
უფლებებით, თუმცა სავაზიროს სრულუფლებიანი წევრი არ იყო. იგი სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობდა დარბაზობის დროს. ამირახორის ფუნქციას შეადგენდა ცხენოსანი
ლაშქრის ხელმძღვანელობა.
მეაბჯრეთუხუცესი და ზარდახანის უხუცესი
მეაბჯრეთუხუცესისა და ზარდახანის უხუცესის ხელში იყო სამეფო აბჯარ-იარაღის საწყობი. ისინი ამილახორის ხელქვეითნი
იყვნენ.
აჩუხჩი
აჩუხჩი - სამხედრო უწყების მსხვილი მოხელე და მეფის დაცვის უფროსი უნდა ყოფილიყო.
მერემეთხუცესი
მერემეთუხუცესს - ჩაბარებული ჰქონია საგანგებო დაწესებულება - სარემო.
ამირჩქარის შესახებ ჯერჯერობით ზუსტი ცნობები არ მოიპოვება.
სავაზირო - სახელმწიფო მმართველობის უმაღლესი ორგანო იყო, რომელშიც შედიოდნენ ვაზირები ანუ მინისტრები.
ათაბაგი - უფლისწულის გამზრდელის (აღზრდის) ფუნქციას ასრულებდა.
სამთა ვაზირთა ჯგუფი - ვაზირთა სავატიო სამეული. სამთა ვაზირთა ჯგუფში შედიოდნენ: ათაბაგი, ამირსპასალარი და მანდატურთუხუცესი.
დარბაზობა - დარბაზი სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ანუ სახელმწიფო საბჭო, ანუ სამეფო კარი იყო. დარბაზი სპარსული სიტყვაა, „დარვაზეჰ“ სასახლის კარს ნიშნავს.სახელმწიფო საქმეებზე ბჭობისათვის საქართველოს მეფე დარბაზობას მართავდა, რომელიც ორი წესით: დიდი და მცირე წესით იმართებოდა.
მეჭურჭლეთუხუცესი - „მეჭურჭლეთა“ უფროსი და „საჭურჭლეს“ უზენაესი გამგე იყო. ჭურჭელი განძისა და სიმდიდრის ზოგადი მნიშვნელობა იყო.
მსახურთუხუცესი - მსახურთუხუცესს ებარა მეფის პირადი მეურნეობა, სხვადახვა „საფარეშონი“, ასევე სალარო, სადაც ინახებოდა საგანძური, არაყოველდღიურად სახმარი საჭურჭლე.
III. ქართლის სამეფო - XVII-XVIII საუკუნეებში
მეფის დაცვის ორგანიზაცია
ქართლის სამეფოსა და მის მეფეს სპეციალური დაცვა ჰყოლია, რომელსაც თანამდებობის პირი ყულარაღასი ხელმძღვანელობდა.
ყულარაღასი
ყულარაღასი იგივე მეფის მცველთა რაზმების უფროსია. „დასტურლამალის“ მიხედვით, მეფის დაცვა შედგებოდა 120 კაცისაგან. 120-კაციანი რაზმი იყოფიდა
3 ორმოც-ორმოცკაციან რაზმებად. თითოეულის მეთაურს უზბაში ეწოდებოდა. რაზმები მეთოფეებისაგან კომლექტებოდნენ. მეფის დაცვის ჯარი ფაქტობრივად სასახლის გვარდია
იყო. თვით ყულარაღასი უშუალოდ იცავდა მეფეს. ყულარაღასს მეფის დაცვის ფუნქციის გარდა, სასამართლოს ფუნქციაც ჰქონია. მეფის დაცვაში ძირითადად მაღალი წრის
წარმომადგენლები შედიოდნენ. XVIII საუკუნის მეორე ნახევრიდან ყულარაღასი კარგავს თავის მნიშვნელობას.
ყორჩიბაში
ოსმალურად „ენახი ყორჩი“ - მხედარი გვამის მცველია, ხოლო ყორჩიბაში კი გვამის მცველთა უფროსი. ყორჩიბაშს
ექვემდებარებოდნენ ყორჩები, რომლებიც ყულებთნ ერთად იცავენ სასახლესა და მეფეს. ისინი, ერთი მხრივ, სამხედრო მოსამსახურები იყვნენ, მეორე მხრივ, მეფეს
იცავდნენ. გვიანფეოდალური ქართლის სახელმწიფოს მეთაურის დამცველთა სიაში ყულები და ყორჩები ზოგჯერ ერთი და იგივე პირები არიან. ეს ადასტურებს მათ
ორგვარ ფუნქციას. ამრიგად, მეფის დაცვის ორგანიზაციას განაგებენ ყულარაღასი და ყორჩიბაში, რომლებსაც ექვემდებარებიან ყულები და ყორჩები.
ქეშიკჩიბაში
ქეშიკჩიბაში სპარსული სიტყვაა და ნიშნავს გვამის მცველს. ეს სახელი XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ერეკლე II-ს შემოუღია
და მეფის დაცვის ფუნქცია მიუნიჭებია.
IV. გვიანფეოდალური აღმოსავლეთ საქართველო - XVI საუკუნე
სადროშოს სარდალი
გვიანფეოდალური პერიოდის აღმოსავლეთ საქართველოში, კერძოდ ქართლში ადმინისტრაცილ-ტერიტორიულ ერთეულად
გვევლინება სადროშო, რომელსაც განაგებს სარდალი. სადროშო ფაქტობრივად სამხედრო დანაყოფი იყო, თუმცა გარდა სამხედრო ფუნქციებისა, ჰქონდა ასევე
ადმინისტრაციულ-საფინანსო და სასამართლო ფუნქციები. სადროშოს სარდალი სამხედრო ხასიათის მოხელეა, ნიშნავს მეფე და გადასცემს
სათანადო ნიშნებს - დროშასა და ხმალს. სარდალი მხედართმთავარს ნიშნავდა. სარდლის თანამდებობაზე ინიშნებოდა დიდებული, რომელიც მდიდარი იყო როგორც მიწით,
ისე ყმებით. სადროშოში მრავალი მემამულე შედიოდა, რომლებიც სარდალს ემორჩილებოდნენ. გარდა ამისა, სარდალს ემორჩილებოდნენ სხვა მოხელეებიცა და თანამდებობის
პირებიც: ეპისკოპოსები, მოურავები და სხვა. სარდალი გარკვეულ შემოსავალს ღებულობდა თავისი ფუნქციების განხორციელბისათვის, კერძოდ:
ა) სამხედრო დავლის მეხუთედს; ბ) სადროშოს აღწერისათვის ღებულობდა გადასახადს ან გამასპინძლებას; გ) სარდლის შემოსავალში შედიოდა ასევე გაყრისათვის დაწესებული
გადასახადი; დ) სარდალს ეძლეოდა ჯარიმებიდან აკრეფილი გადასახადი; ე) სარდალი ღებულობდა სასამართლო გარჩევების გადასახადებს და სხვა. ზემოთ აღნიშნული გადასახადების
აკრეფიდან სარდლის დამატებითი ფუნქციებიც ჩანს.
|