გუდაური Heli-Skiing

თარიღი: 2013-02-01 00:00:00

ავტორი: ირაკლი ჭიჭინაძე

ნახვა: 23662




        გუდაურში წლიდან წლამდე პოპულარული ხდება ექსტრემალური სამთო-სათხილამურო სპორტის სახეობა Heli-Skiing, რა დროსაც მოთხილამურეები ვერტმფრენით აყავთ მთის წვერზე და თხილამურითა ან სნოუბორდით ეშვებიან დაბლა. 2009-2010 წლის სეზონზე მსგავსი მომსახურება პირველად ტურისტებს კომპანია "Heliksir"-მა შესთავაზა, რისთვისაც საფრანგეთიდან ჩამოიყვანეს კომპანია "S.A.F"-ის AS-350B3 ვერტმფრენი (F-GJKY). ფრანგული სათხილამურო სკოლის "Courchevel 1850-ის" გამოცდილი გამყოლებისგან შემდგარმა გუნდმა არაერთხელ გამოიკვლია გარემომცველი ფერდობების რელიეფი და თოვლის საფარი. ამასთან, დაზვერვითმა ჯგუფმა მთელს მარშრუტზე განალაგა კომპანიის საფირმო სანიშნი დროშები. ყოველ საღამოს დეტალურად მუშავდებოდა გამყოლების მიერ მთელი დღის მანძილზე მოპოვებული ინფორმაცია, იგეგმებოდა სამომავლო ფრენებისა და დაშვების მრავალი სცენარი, აკვირდებოდნენ ამინდის ყველა პარამეტრსა და მოსალოდნელ ცვლილებას - ტემპერატურას, ხილვადობას, სინოტივეს, ქარის ძალასა და მიმართულებას. ჩატარდა წარმოუდგენლად შრომატევადი სამუშაო იმისათვის, რომ შეგროვებულიყო უმნიშვნელოვანესი მასალა ჰელისკის უსაფრთხო და კომფორტული ორგანიზებისათვის. მარტის შუა რიცხვებში გუდაურისა და ყაზბეგის რაიონების საგულდაგულოდ შესწავლის საფუზველზე ჰელისკის გუნდმა ეს რაიონები კავკასიაში ჰელისკისთვის ყველაზე შესაფერის ადგილად მიიჩნია. გუდაურის ადვილი მისადგომობა, ღრმა, ფაფუკი თოვლი, უსაფრთხო ლანდშაფტი და მრავალფეროვანი ფერდობების სიმრავლე ჰელისკისთვის საჭირო პირობების იდეალურ ერთობლიობას ქმნის.
        2010-2011 წლის სეზონი გვიან დაიწყო, რადგან მთელი იანვრის განმავლობაში გუდაურში თითქმის არ უთოვია, სეზონის დასაწყისისთვის თოვლის საფარი სასიამოვნო და უსაფრთხო სრიალისათვის არასაკმარისი იყო. კომპანიის განკარგულებაში იყო კიდევ ერთი ვერტმფრენი - AS-350B3 (HB-ZES), შვეიცარული კომპანია "Eagle Helicopters"-სგან.
        2011-2012 წლის სეზონზე ჰელისკის მოყვარულებს 2 ვერტმფრენი ემსახურებოდა - კომპანია "Eagle Helicopters"-ის AS-350B3 (HB-ZES) და მეორე AS-350B3 (OE-XBC).
        2012-2013 წლის სეზონზე გამოჩნდა ახალი ავსტრიული კომპანია "Gudauri Heliskiing", რომელმაც ჩამოიყვანა "Wucher Helicopters"-ის AS-350B3 (OE-XHL). "Heliksir"-ი სეზონის დაწყებას 26 იანვარს გეგმავს.

2010 წლის სეზონი
F-GJKY AS-350BS
2011 წლის სეზონი
HB-ZGV AS-350B3
2012 წლის სეზონი
HB-ZES AS-350B3
OE-XBC AS-350B3
2013 წლის სეზონი
OE-XHL AS-350B3
F-HELY AS-350B2
F-HMGM AS-350B3
Heliksir-ის ლოგოWucher-ის ლოგო




შეაფასეთ: 1 2 3 4 5

ზემოთ

წყარო: www.heliski.travel, www.wucher-helicopter.at, www.gudauri-heliskiing.at, www.facebook.com